X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - „განახლებული რეგიონები“ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოების პირველი შედეგები სექტემბერის ბოლოსთვის გვექნება

17 აგვისტო 2021

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, უკვე ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამუშაო. დღეს უკვე ქვემო ქართლის რეგიონში ვართ. რუსთავში და თეთრიწყაროში სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლომდე გარკვეული მონაკვეთების, შესაბამისი შენობების, პარკების, სკვერების, სხვა ფუნქციურად დატვირთული ახალი სივრცეების დასრულებაა გათვალისწინებული,“ - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვემო ქართლში პროგრამის „განახლებული რეგიონები“  ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ნინო ლაცაბიძესთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად რუსთავში და თეთრიწყაროში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში დაწყებულია მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია, თეთრიწყაროში კი  თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე მოედნის რეაბილიტაცია.

„ბუნებრივია, სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე პროგრესი კიდევ უფრო დიდი იქნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რეალური ურბანული განახლება, რომელიც  ვიზუალურ განახლებასთან ერთად ითვალისწინებს ობიექტების ფუნქციურად კიდევ უფრო გამდიდრებას. აბსოლუტურად ყველა რეკრეაციაში - სკვერებში, პარკებში გათვალისწინებულია საირიგაციო სისტემების მოწყობა. ასევე,  გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილში შესაბამისი ველო ბილიკების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  მოწესრიგდება კომერციული სივრცეები, რომლებიც ახალი სახით კიდევ უფრო დიდ შესაძლებლებს გააჩენს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მათ.  ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და შესაბამისად, პირველ შედეგებს უკვე სექტემბრის ბოლოსთვის იხილავს მოსახლეობა.  

4-წლიანი პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.